გვესაუბრება თსუ-ის პროფესორი ირმა რატიანი
- რა პარალელს გაავლებდით 30–40 წლის წინანდელი ქართული საზოგადოების პასუხისმგებლობებსა და დღევანდელ საზოგადოებას შორის?რა არის საერთო და განმასხვავებელი ნიშნები, თქვენი აზრით, ამ ორი საზოგადოებისა?
- პარალელებზე საუბარი, ალბათ, რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ 30-40 წლის წინ ქართულ და მსოფლიო საზოგადოებას სხვადასხვა მიზნები ამოძრავებდა და სხვადასხვა პასუხისმგებლობები აფიქრებდა. მსოფლიო საზოგადოება პოლიტიკური რეჟიმების დამხობის, ჩაკეტილი საზღვრების გახსნისა და ახალი ტექნოლოგიური გამოწვევების წინაშე იდგა, ქართულ საზოგადოებას კი ჯერ კომუნისტური მმართველობისა და რუსული ოკუპაციის დაძლევა, შემდეგ კი — საბჭოეთის დანგრეული იმპერიის უმძიმესი შედეგების გადატანა ელოდა. დღეს სულ სხვაგვარია მსოფლიო. გახსნილი საზღვრები, ტექნოლოგიური რევოლუციები, ადამიანური და ფინანსური რესურსების გლობალიზაცია, ამასთან — ღირებულებათა დევალვაცია, ეკოლოგიური კატასტროფის გაზრდილი ალბათობა. ეს საერთო ტენდენციები მსოფლიო საზოგადოების პაუსიხსმგებლობების უნიფიცირებასაც უწყობს ხელს. უმთავრესი პასუხისმგებლობა დღეს, როგორც ქართული, ისე მსოფლიო საზოგადოებისა, ალბათ, ღირებულებათა სისტემის გადახედვაა, მით უფრო, დღეს არსებული განსაცდელის პირობებში, როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შეაღწია კორონავირუსმა. უამრავი დაავადებული, ხოლო — ათასობით ადამიანი გარდაცვლილია. დღეს საზოგადოებას ეძლევა შანსი — გამოავლინოს ისეთი თვისებები, როგორიცაა ჰუმანურობა, სოლიდარობა, თავდადება და, რასაკვირველია, გონიერება. ყველა გადატანილი განსაცდელი ისტორიული გაკვეთილია. ვოცნებობ, რომ მსოფლიო საზოგადოება, ქართულიც მათ შორის, უფრო გონიერი და კეთილშობილი გახდეს. არაფერია ადამიანურ ურთიერთობებზე უფრო ძვირფასი. ყოველ შემთხვევაში, ასე წერდა ეგზიუპერი.
- თქვენი აზრით, როდის იჩენს ხოლმე თავს სოლიდარულობის განცდა და სჭირდება თუ არა ამას ორგანიზება (13 ივნისი, საქველმოქმედო ჯგუფები – დავეხმაროთ მოხუცებს და ა.შ)?
- სოლიდარობის განცდა უცხო არ არის ქართული საზოგადოებისთვის, რომელსაც არაერთი ისტორიული განსაცდელი გადაუტანია. თუმცა, ექსტრემალურ პირობებში სოლიდარობას ნამდვილად ესაჭიროება ორგანიზება და მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანებმა სოლიდარობა გამოვუხატოთ ერთმანეთს: დავეხმაროთ მათ, ვისაც არ ძალუძს ან კატეგორიულად ეკრძალება სახლიდან გამოსვლა, ვისაც არა აქვს შემოსავალი, ვინც ებრძვის ქრონიკულ დაავადებას და ა.შ.. კარგის კეთებისკენ მოწოდება დღეს ძალზე მნიშვნელოვანია. ექსტრემალური პირობები ხომ დამატებით შფოთვებსაც აჩენს საზოგადოებაში და, სამწუხაროდ, ბევრი ისეთი დაფარული მანკიერება შეიძლება გამოვლინდეს, რაც ნორმალურ პირობებში არ ვლინდება. ამიტომაც, სოლიდარობისკენ მოწოდება, თუნდაც პირადი მაგალითის ჩვენება, მოწოდება სიმშვიდისკენ, კეთილგონიერებისკენ, სწავლისა და შრომის ტემპის შენარჩუნებისკენ და ბევრი სხვა რამ, დიდ დახმარებას გაუწევს ქართულ საზოგადოებას შექმნილ არცთუ მარტივ ვითარებაში.
- ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, შედგა თუ არა ქართული საზოგადოება?
- ამ ეტაპზე ბევრი რამ უკვე გაკეთდა. საზოგადოებრივი პოზიციის სიმტკიცის, მონდომებისა და ნების გამოხატულების არაერთი მაგალითი შეიძლება მოვიტანოთ. შესანიშნავი მაგალითია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. მე თავად ვარ ამ პროცესში ჩართული და ვხედავ, როგორი თავდადებით მუშაობენ ჩემი კოლეგები და როგორი მონდომებულები არიან სტუდენტები! არც სამეცნიერო მუშაობა შეჩერებულა. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა დისტანციურ რეჟიმში სამი უმნიშვნელოვანესი წიგნი მოამზადა გამოსაცემად და გადასცა კიდეც სტამბას. აღსანიშნავია მასშტაბური კულტურული კამპანია, რომელიც გაიშალა ინტერნეტსივრცეში ქართული თეატრების, მუზეუმების, ფოლკლორის ეროვნული ცენტრისა და სხვა კულტურული დაწესებულებების მიერ. მსგავსი ინიციატივები ნამდვილად ეხმარება სახლებში გამოკეტილ ადამიანებს, რათა არ იგრძნონ სოციალური იზოლაცია და მარტოობა. მე პირადად პასუხისმგებელი ვარ სსიპ „შემოქმედებით საქართველოზე“ და გარწმუნებთ, რომ ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ ყველა მიმდინარე საკითხი განსაკუთრებული მონდომებითა და ყურადღებით მუშავდება.
ქვეყნის მასშტაბით თითოეული ადმინისტრციული რგოლის ეფექტური მუშაობა ახლა უაღრესად საჭიროა ქვეყნისთვის. განსაცდელი გადაივლის და საზოგადოებამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღიდგინოს ცხოვრების ჩვეული რიტმი. თუმცა, არის კიდევ რაღაც, რაც ჩვენ შეგვიძლია და გვევალება.
ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულნიც ვართ, დავაფასოთ ქართველი მედიკოსების შრომა და თავდადება, რომლებიც ახლა წინა ხაზზე არიან და ძალ-ღონესა და ენერგიას არ იშურებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. დავაფასოთ ამ ჭეშმარიტად ღირსეული პროფესიონალების ბრძოლა თითოეული პაციენტისთვის! დავაფასოთ ის ხალხი, ვინც პირბადეებითა და ხელთათმანებით შეხუთული გვემსახურება აფთიაქებსა და სურსათის მაღაზიებში! მედიის წარმომადგენლები! პროფესორ-მასწავლებლები, ვინც ყოველდღიური შრომით ინარჩუნებს სასწავლო პროცესს ქვეყანაში! ტექნიკური მუშაკები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტერნეტსივრცის გამართულ მუშაობას! ისინი, ვინც ასუფთავებენ ქალაქებს! ისინი, ვინც იცავენ წესრიგს! ისინი, ვისაც საკვები მოაქვთ ჩვენთვის სახლებში!.. დავაფასოთ!
გარდა ამისა... ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უფრო გონიერები. მოვუსმინოთ, დავუჯეროთ პროფესიონალებს, შევასრულოთ მითითებები...
დავაფასოთ და დავუჯეროთ! ეს არის ჩემი გზავნილი. თავს არ ვდებ ექსპერტობაზე, მაგრამ მგონია, რომ ქართველთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება არის კონსოლიდაციის გამოვლენა საჭირო, კრიტიკულ მომენტში. იმედი მაქვს, რომ არც ახლა გვიღალატებს ისტორიული ალღო.
ესაუბრა მაია ტორაძე